English / ქართული / русский /
ვლადიმერ პაპავა
რეტროეკონომიკა და გაკოტრება

ანოტაცია

სტატიაში განხილულია რეტროეკონომიკის, როგორც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის თეორიის, პრობლემა. რეტროეკონომიკის მოვლენის დასაძლევად ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. იმისათვის, რომ გამოირიცხოს რეტროეკონომიკის ნეკროეკონომიკად გარდაქმნის საფრთხე, სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაკოტრების კანონმდებლობას, იმას, თუ რამდენადაა ის ქმედითი.

საკვანძო სიტყვები: რეტროეკონომიკა, ნეკროეკონომიკა, ზომბიეკონომიკა, გაკოტრება.

ნეკროეკონომიკა, ანუ “მკვდარი ეკონომიკა”, თავისი არსით არის მოძველებული ტექნოლოგიით წარმოებული პროდუქციის მიწოდება, რომელზედაც რეალურად მოთხოვნა არ არსებობს მისი დაბალი ხარისხის (ან სულაც უხარისხობის) ან/და წარმოების მაღალი დანახარჯების გამო, თუმცა ამ მოთხოვნას ხელოვნურად ქმნის სახელმწიფო. ეკონომიკის ეს მახინჯი ფენომენი გამოვლინდა პოსტკომუნისტურ ეკონომიკაში [Papava, 2002], რადგან მბრძანებლური ეკონომიკის პირობებში კონკურენციის გამორიცხვამ ეკონომიკის ბევრ დარგში (ძირითადად, გარდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა) ჩაკლა საწარმოთა ტექნოლოგიური ბაზის განახლების ეკონომიკური ინტერესი [Lipowski., 1998: 13-17].

იმის გამო, რომ კონკურენციის შეზღუდვა არის ნეკროეკონომიკის შექმნის წინაპირობა, ყველგან, სადაც ტექნოლოგიურად მოძველებული აღჭურვილობის მქონე საწარმოები მხოლოდ მთავრობის ხარჯზე ფუნქციონირებენ, შეიძლება ითქვას, რომ თავს იჩენს ნეკროეკონომიკის ფენომენი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გასული საუკუნის 80-იანი წლების ინდოეთი [OECD, 2007: 69-85]. ამრიგად, გამოდის, რომ ნეკროეკონომიკა გვხვდება არამარტო პოსტკომუნისტური ქვეყნებში.

იმ ტიპის ეკონომიკას, სადაც ფუნქციონირებენ მსოფლიოს თანამედროვე მიღწევებთან შედარებით ტექნოლოგირად ჩამორჩენილი ფირმები (ანუ რეტროფირმები), მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც არსებობს, ვუწოდებთ რეტროეკონომიკას (ლათინური სიტყვა “რეტრო” ნიშნავს უკან, წარსულისკენ მიპყრობილს). ეკონომიკის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის თეორიას რეტროეკონომიკსი ვუწოდოთ.

რა მსგავსება და რა განსხვავებაა ნეკროეკონომიკასა და რეტროეკონომიკას შორის? მსგავსება ისაა, რომ ორივე ტიპის ეკონომიკაში გამოიყენება მოძველებული ტექნოლოგიები; განსხვავება კი ისაა, რომ ნეკროეკონომიკის პირობებში ამ საწარმოებში იმდენად მოძველებული ტექნოლოგიები გამოიყენება, რომ მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე რეალურად არ არსებობს მოთხოვნა და, ამდენად, ეს საწარმოები ფუნქციონირებენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით; რეტროეკონომიკის პირობებში კი ამ საწარმოების მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე მოთხოვნა არის, რასაც განაპირობებს სახელმწიფოს ზომიერი მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით, ნეკროეკონომიკასაც და რეტროეკონომიკასაც სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პირველი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე არსებობს, ხოლო მეორეს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის შიგა ბაზრის დაცვა ესაჭიროება საერთაშორისო კონკურენციისაგან.

რეტროეკონომიკის შექმნის ფაქტორებს შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ზომბიეკონომიკა, ანუ ფინანსური კრიზისის შედეგად გადახდისუუნარო ფირმების (და მათთან დაკავშირებული ბანკების) ერთობლიობა, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას სახელწიფოს მიერ გაცემული სამთავრობო გარანტიის საფუძველზე აღებული საბანკო კრედიტებით [Ahearne, Shinada, 2005; Hoshi, 2006; LeLaulu, 2009]. ბუნებრივია, ზომბი-ფირმებს არ აქვთ ინტერესი, ტექნოლოგიურად განაახლონ წარმოება ანდა შეცვალონ მენეჯმენტი, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერის გამო ისინი ამ ტიპის ქმედებათა გარეშეც ახერხებენ საქმიანობის გაგრძელებას, რასაც ადასტურებს იაპონიის გამოცდილება [Ahearne, Shinada, 2005; Hoshi, 2006]. გასაგებია, რომ ზომბიეკონომიკა ფაქტობრივად უშუალოდ ხელს უწყობს რეტროეკონომიკის შექმნას. ამავდროულად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე ზომბიეკონომიკის გლობალიზაციის პრობლემამ [Harman, 2010; Onaran, 2012; Quiggin, 2010], თავის მხრივ, წარმოქმნა ნეკროეკონომიკის (იქ, სადაც ის იყო) ზომბირების საფრთხეც [Papava, 2010], რისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითიც რუსეთის ეკონომიკაა [Lindsey, 2002: 210-212].

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არასიცოცხლისუნარიანი ფირმების შენარჩუნებას აქტიურად უჭერს მხარს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენის მქონე სხვადასხვა ჯგუფი, ხოლო ჯერ არ შექმნილი ახალი დარგებისა თუ ფირმების ინტერესების გამომხატველი ჯგუფები, სწორედ იმის გამო, რომ ეს დარგები და ფირმები ჯერ არ შექმნილა, არ არსებობენ [Anderson, 2004: 199]. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არასიცოცხლისუნარიან ფირმებს ჰყავთ ლობისტური ჯგუფები, ჯერ არ შექმნილ ახალ დარგებსა თუ ფირმებს მსგავსი ლობისტები ვერ ეყოლებათ. ამ ვითარებაში, ჩვენი აზრით, ერთადერთი, ვინც პოტენციურად უნდა იყოს შესაქმნელი ახალი დარგებისა თუ ფირმების ლობისტი, არის სახელმწიფო.

ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზომბირებული რეტროფირმების მიმართ გაკოტრების პროცედურების ამოქმედებას. ცნობილია, რომ გაკოტრების უნივერსალური კანონმდებლობა არ არსებობს და მთავარი პრინციპი, რომელიც დამახასიათებელია გაკოტრების რეჟიმისთვის, არის ბალანსის შენარჩუნება, ერთი მხრივ, კრედიტორების ინტერესების დაცვასა და, მეორე მხრივ, სიცოცხლისუნარიანი ფირმების ვადაზე ადრე ლიკვიდაციის თავიდან აცილებას შორის [Stiglitz, 2001: 3]. ჩვენი აზრით, ეს პრინციპი სრულად ვერ ასახავს იმ სირთულეებს, რის წინაშეც დგას თანამედროვე ეკონომიკა, განსაკუთრებით, ეკონომიკურად ჩამორჩენილ, ღარიბ ქვეყნებში.

ფირმის სიცოცხლისუნარიანობის მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეფასება გართულებულია, რადგან ერთმანეთს უნდა შეედაროს მოქმედი საწარმოს ღირებულება და სალიკვიდაციო ღირებულება: თუ მოქმედი საწარმოს ღირებულება აღემატება სალიკვიდაციო ღირებულებას, მაშინ ეს საწარმო სიცოცხლისუნარიანია. სირთულე, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია მოქმედი საწარმოს ღირებულების განსაზღვრასთან, რადგანაც უნდა შეფასდეს საწარმოს მომავალი შემოსავლები და ხარჯები, რისი სათანადო სიზუსტით გაკეთებაც არ არის მარტივი ამოცანა. მის გადასაწყვეტად აუცილებელია ამ საწარმოს ბიზნესგეგმის და რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება. შესაბამისი ფირმების მესაკუთრეების განწყობის მიხედვით, ეს გეგმები უნდა იყოს ოპტიმისტური, კრედიტორების დამოკიდებულება კი ამ გეგმების მიმართ უფრო კრიტიკულია. სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა შედარებით ადვილია, თუმცა ამ შემთხვევაშიც გადასაწყვეტია რამდენიმე რთული ამოცანა (უნდა შეფასდეს, თუ რა შემოსავლები იქნება მიღებული საწარმოს აქტივების გაყიდვიდან) [Anderson, 2004: 175-176]. შედეგად, ფირმის გაკოტრების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები, როგორც წესი, იხრება საწარმოს რეორგანიზაციის და არა ლიკვიდაციის სასარგებლოდ [White, 2001: 32]. თუ აქვე გავიხსენებთ ზემოაღნიშნულ გარემოებას, რომ არასიცოცხლისუნარიანი ფირმების შენარჩუნებას აქტიურად უჭერს მხარს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენის მქონე სხვადასხვა ჯგუფი, მაშინ ნათელი გახდება, რომ ბაზარზე ადგილს ზომბირებული რეტროფირმები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ზომბირებული ნეკროფირმებიც კი ინარჩუნებენ.

აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, რეტროეკონომიკის ზომბირების თავიდან აცილებისათვის უნდა შეიცვალოს გაკოტრების კანონმდებლობის მთავარი პრინციპი და ნაცვლად ზემოხსენებულისა (ანუ ბალანსის შენარჩუნება, ერთი მხრივ, კრედიტორების ინტერესების დაცვასა და, მეორე მხრივ, სიცოცხლისუნარიანი ფირმების ვადაზე ადრე ლიკვიდაციის თავიდან აცილებას შორის), უნდა იყოს ბალანსის შენარჩუნება, ერთი მხრივ, კრედიტორების ინტერესების დაცვასა და, მეორე მხრივ, არასიცოცხლისუნარიანი ფირმების დროულად ლიკვიდაციას შორის. ამგვარი მიდგომა გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს, ხოლო კონკურენცია არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ფირმებს რეალურად გაუჩნდეს მოთხოვნა ინოვაციებზე [Бубенко, Гусев, 2016: 84].

გასათვალისწინებელია, რომ ინოვაციების პრობლემებზე მეცნიერთა მიერ მომზადებული წინადადებები ხშირად ვერანაირ ქმედით გამოხმაურებას ვერ პოულობს პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ანუ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები [Бубенко, Гусев, 2016: 83]. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბაზარი გათავისუფლდება არასიცოცხლისუნარიანი ფირმებისაგან, კონკურენცია არა უბრალოდ აიძულებს ფირმებს ორიენტაცია აიღონ ინოვაციებზე, არამედ შესაბამისი მეწარმეების მოთხოვნით პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები იძულებული გახდებიან, თავისი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭირონ ამ მეწარმეების ინტერესებს.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლება, რომ განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, გადახდისუუნარო ფირმის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი, უწინარეს ყოვლისა, უნდა გადაწყდეს უშუალოდ კრედიტორებსა და ამ ფირმის მესაკუთრეებს შორის შეთანხმების გზით, ხოლო სახელმწიფოს ჩარევა ამ პროცესში გაკოტრების კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები და მესაკუთრეები ვერ შეთანხმდებიან [Anderson, 2004: 176-178].

საყურადღებოა, რომ ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ფირმების შენარჩუნება-განვითარებაში მარტო გაკოტრების კანონმდებლობაზე აქცენტის გაკეთება არ არის გამართლებული, რადგან ეს უკანასკნელი, მართალია, საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ერთ-ერთია ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც, სხვა კანონებთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს ბაზარზე ჯანსაღი სამართლებრივი სივრცის შექმნას [White, 2001: 43]. ასე მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანას გაკოტრების კანონმდებლობის პარალელურად აქვს საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონმდებლობაც, მაშინ ამ უკანასკნელით პრაქტიკულად დაბლოკილია გაკოტრების პროცედურების წამოწყება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ რეტროეკონომიკის დაძლევის მიზნით განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას. სხვა თანაბარ პირობებში, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ის, რომ ბაზარზე არ დარჩნენ არასიცოცხლისუნარიანი საწარმოები, რასაც, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამისათვის გაკოტრების ეროვნული კანონონმდებლობა უნდა დაეყრდნოს ამოსავალ პრინციპს, რომლის თანახმადაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი, ერთი მხრივ, კრედიტორების ინტერესებსა და, მეორე მხრივ, არასიცოცხლისუნარიანი ფირმების დროულად ლიკვიდაციას შორის. მიზანშეწონილია, რომ გადახდისუუნარო ფირმის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი გადაწყდეს უშუალოდ კრედიტორებსა და ამ ფირმის მესაკუთრეებს შორის შეთანხმების გზით, ხოლო სახელმწიფო გაკოტრების კანონმდებლობის ფარგლებში მხოლოდ მაშინ ჩაერიოს ამ პროცესში, როცა კრედიტორები და მესაკუთრეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. სახელმწიფომ ბაზარზე უნდა შექმნას ჯანსაღი სამართლებრივი სივრცე, რაც გამორიცხავს გაკოტრების კანონმდებლობის ეფექტიანად მოქმედების შემაფერხებელ სხვა კანონებსა თუ რეგულაციებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ahearne A. G., Shinada N., 2005. Zombie Firms and Economic Stagnation in Japan. International Economics and Economic Policy, Vol. 2, No. 4.
2. Anderson R. E., 2004. Get Out of the Way: How Government Can Help Business in Poor Countries. Washington, D.C., CATO Institute.
3. Harman C., 2010. Zombie Capitalism. Global Crisis and the Relevance of Marx. Chicago, Haymarket Books.
4. Hoshi T., 2006. Economics of the Living Dead. The Japanese Economic Review, Vol. 57, No.1;
5. LeLaulu L., 2009. Zombie Economics? The Development Executive Group, 13 January, <http://www.devex.com/articles/zombie-economics>.
6. Lindsey B., 2002. Against the Dead Hand: The Uncertain Struggle for Global Capitalism. New York, John Wiley & Sons.
7. Lipowski A., 1998. Towards Normality. Overcoming the Heritage of Central Plan¬ning Economy in Poland in 1990-1994. Warsaw, Adam Smith Research Center, Center for Social and Economic Research.
8. OECD, 2007. OECD Economic Surveys: India 2007, <http://www.keepeek.com/Digital-Asset-Management/oecd/economics/oecd-economic-surveys-india-2007_eco_surveys-ind-2007-en#.V7F969R95kg#page1>.
9. Onaran Y., 2012. Zombie Banks. How Broken Banks and Debtor Nations are Crippling the Global Economy. Hoboken, John Wiley & Sons.
10. Papava V., 2002. Necroeconomics – the Theory of Post-Commu¬nist Transforma¬tion of an Economy. International Journal of Social Economics, Vol. 29, No. 9-10.
11. Papava V., 2010. The Problem of Zombification of the Postcommunist Necroeconomy. Problems of Economic Transition, Vol. 53, No. 4.
12. Quiggin J., 2010. Zombie Economics. How Dead Ideas Still Walk Among Us. Princeton, Princeton University Press.
13. Stiglitz J. E., 2001. Bankruptcy Laws: Basic Economic Principles. In Claessens S., Djankov S., Mody A., eds. Resolution of Financial Distress: An International Perspective on the Design of Bankruptcy Laws. Washington, D.C., The World Bank.
14. White M. J., 2001. Bankruptcy Procedures in Countries Undergoing Financial Crises. In Claessens S., Djankov S., Mody A., eds. Resolution of Financial Distress: An International Perspective on the Design of Bankruptcy Laws. Washington, D.C., The World Bank.
15. Бубенко П. Т., Гусев В. А., 2016. Продолжаем заговаривать инновационное развитие. Экономика Украины, № 7, с. 84.